პროგრამა - ,,ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“
17 იანვარი, 2024
პროგრამის მიზანი: არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის შენარჩუნება და პოპულარიზაცია, უმთავრესად არაფორმალური განათლების მეშვეობით.
1. ფოლკლორის სხვადასხვა მიმართულებების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა: ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების, კონცერტების, გასტროლების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება. ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების/პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები.
2. სასცენო სამოსით და აქსესუარებით და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა: ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა მაღალი ხარისხის ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობა. ავთენტური ქართული ნაციონალური სამოსის ტრადიციების შენარჩუნებისა და ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ესთეტიკის უკეთ წარმოჩენის და პოპულარიზაციის მიზნით, სასცენო სამოსი და აქსესუარები, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები ანსამბლების ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრების მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებთან არსებულ და/ან სხვა ფოლკლორულ ანსამბლებს.
3. მასტერკლასები ხალხური ქორეოგრაფიის და სიმღერის მიმართულებით: რაც ითვალისწინებს ტრენინგებს/ვორკშოფებს ქორეოგრაფებისა და ლოტბარებისათვის, სკოლის გარეშე სახელოვნებო დაწესებულებებისთვის, უცხოეთში მოქმედი ქართული ანსამბლებისათვის. მასტერკლასების მიზანია ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნების დახვეწა გამდიდრება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების ამაღლება, ავთენტური ტრადიციების დაცვა. პროექტი განხორციელდება სსიპ - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით.
4. აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა: ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება. ოლიმპიადის პირობები და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.
5. ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის გამარჯვებული ანსამბლების სასცენო სამოსით და აქსესუარებით უზრუნველყოფა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ფოლკლორული ანსამბლები, რომელთა დიდი ნაწილი საჭიროებს მაღალი ხარისხის სასცენო სამოსისა და აქსესუარების განახლებას. ყოველწლიურად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა. აღნიშნული ოლიმპიადის შედეგად გამოვლინდა არაერთი წარმატებული მონაწილე, რომელთაც პროგრამის ფარგლებში, ანსამბლის საჭიროებების შესაბამისად გადაეცემათ სასცენო სამოსი და აქსესუარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
კულტურის დეპარტამენტს/ფოლკლორის
ხელშეწყობის განყოფილებას - 0422 24 53 82
მისამართი: ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4
იხილეთ გალერეა